სვის კაპიტალმა წარმატებით გამოუშვა 10 მილიონი ლარის ღირებულების არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი კორპორატიული ობლიგაციები

2019 წლის 28 მარტი, თბილისი - სს სვის კაპიტალმა პირველი, 10 მილიონი ლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე 6.25%-ის დამატებით. არასუბორდიირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გაიყიდა გამოშვების ფასის 100.00% ღირებულებით. სვის კაპიტალის ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს კომპანია „გალტ & თაგარტი” ხელმძღვანელობდა.

სვის კაპიტალი საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც მსოფლიო სარეიტინგო და კვლევითი ორგანიზაციის Fitch Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა. სვის კაპიტალს 2018 წლის ივლისში საკრედიტო რეიტინგი "B-"/Stable Outlook მიენიჭა. Fitch Ratings-ის ანგარიშში აღინიშნა კომპანიის ინტენსიური ზრდის ტენდენცია 2014 წლიდან დღემდე და ასევე ხაზი გაესვა სვის კაპიტალის მაღალი კაპიტალიზაციის დონეს, როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტიას და მნიშვნელოვან კომპონენტს კომპანიის მომავალი განვითარებისათვის.

აღნიშნული ტრანზაქცია სვის კაპიტალს საშუალებას აძლევს, მოიზიდოს ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და გააძლიეროს საკუთარი პოზიციები საქართველოს ბაზარზე, მოზიდული სახსრების პორტფელის ზრდაში ინვესტირების გზით.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ სს სვის კაპიტალის კორპორატიული ობლიგაციების პირველი გამოშვების შესახებ. სვის კაპიტალის კორპორატიული ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა არის პოზიტიური ფაქტი, რომელიც მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საქართველოს ფინანსური ბაზარის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო სვის კაპიტალის მთელ გუნდს, ტრანზაქციის მენეჯერს - „გალტ & თაგარტს“, და საქართველოს ეროვნულ ბანკს, მათი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა სვის კაპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ.

"ვულოცავ სს სვის კაპიტალს და მოხარული ვარ, რომ კომპანია „გალტ & თაგარტ”-მა მონაწილეობა მიიღო კომპანიის კორპორატიული ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ემისიამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორთა წრეში. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობას, მოიზიდოს დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში. ასევე, მსურს მივულოცო „გალტ & თაგარტის“მთელ გუნდს მორიგი წარმატებული პროექტის განხორციელება. "გალტ & თაგარტი" საინვესტიციო საბანკო მომსახურების წამყვანი მიმწოდებელია რეგიონში, რომლის სერვისითაც სარგებლობენ როგორც კერძო და საჯარო კომპანიები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც," - განმარტა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

სს "სვის კაპიტალის" შესახებ
სვის კაპიტალი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. ამჟამად, კომპანია ქვეყნის 8 უდიდეს რეგიონულ ცენტრში, 11 ფილიალითა და 240 პროფესიონალით არის წარმოდგენილი. ფინანსურად ძლიერი და გამოცდილი აქციონერების მხარდაჭერით, სვის კაპიტალი 74 მილიონი ლარის სესხის პორტფელს მართავს. სვის კაპიტალი ქართულ ბაზარს მოქნილ და მოსახერხებელ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს, როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს სესხების მიმართულებით.

სს "გალტ & თაგარტის" შესახებ
სს "გალტ ენდ თაგგარტი" არის საქართველოს ბანკის ჰოლდინგის PLC- ს (BGEO: LN) სრულ მფლობელობაში არსებული შვილობილი კომპანია. იგი მომხმარებელს სთავაზობს საინვესტიციო ბანკინგის, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვებული ქონების მართვისა და კვლევითი ერთეულების მეშვეობით საინვესტიციო საბანკო და საინვესტიციო მენეჯმენტის ფართო სპექტრს. www.gt.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია
ლევან ფანჩულიძე, CFO
ელ-ფოსტა: [email protected]